ახალი ამბები

უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი – ვოლსკი

14 ნოემბერი, 2019 • 997
უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის დაშლა სერიოზულად დაასუსტებდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და იმ შემთხვევაში, თუ მას არჩევანის გაკეთება მოუწევდა უმრავლესობის დაშლასა და კანონპროექტის მიღებას შორის, არჩევანს უმრავლესობის შენარჩუნებაზე გააკეთებდა.

“როდესაც პინაზე ორი საკითხი დევს – უმრავლესობის დაშლა, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება – მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა, თავად იყოს პროპორციული არჩევნების მომხრე, თუმცა არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, უმრავლესობის დაშლა სერიოზულად დაასუსტებდა ქვეყნის მდგომარეობას: “უმრავლესობის არშენარჩუნება სერიოზულად დაასუსტებდა მდგომარეობას ქვეყანაში, გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის ოფისში პარტიების გაერთიანება”.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყვის იმ ადამიანებს, ვისაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტის გასვლის სჯეროდა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია გააკეთონ ისეთი რამ, რაც “ქვეყანას ფეხზე დააყენებს და სტაბილურობას შეუნაჩუნებს.”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა მოემზადოს 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და გაითამაშა ფარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი