საზოგადოება

გაეროს წარმომადგენლის კრიტიკას “ოცნებაში” “ანგაჟირებულს” უწოდებენ

8 ნოემბერი, 2023 • 1161
გაეროს წარმომადგენლის კრიტიკას “ოცნებაში” “ანგაჟირებულს” უწოდებენ

უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოლერმა 7 ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, წინასწარი დაკვირვებები და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მის დაკვირვებებს უკვე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც უპასუხისმგებლობად და უსამართლობად მიიჩნევს გაეროს წარმომადგენლის შეფასებებს.

მერი ლოლერი აღნიშნავს, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ გადაწყვეტილებისა და მომავალ წელს ახალი სისტემით არჩევნების მოლოდინში. მისი თქმით, დამოკიდებულებები უფლებადამცველების მიმართ და ის, თუ როგორ ეპყრობა მათ სახელმწიფო, მანიშნებელია, როგორ ართმევს თავს ქვეყანა ამ პერიოდს. 

9-დღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში გაეროს სპეციალური მომხსენებელი სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არაერთ აქტივისტსა და უფლებადამცველს შეხვდა. მას ჰქონდა შეხვედრები სახალხო დამცველთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის წარმომადგენლებთან, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარესთან და სხვა. ლოლერი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მის თხოვნას არ დათანხმდნენ კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში, რომელიც თავს უყრის სპეციალური მომხსენებლის წინასწარ დაკვირვებებსა და რეკომენდაციებს,  ნათქვამია, რომ სპეციალური მომხსენებლის შთაბეჭდილებით, მთავრობის მხრიდან მოჩვენებითი ღიაობის მიღმა სისტემური მცდელობები იმალება, ძირი გამოუთხარონ უფლებადამცველებსა და მათ საქმიანობას. 

“მმართველი პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ საჯარო განცხადებებს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ, კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაღალი რანგის ოფიციალური პირების კომენტარები ლგბტქი უფლებადამცველების და ზოგადად ქვიარ-თემის მისამართით. მათი სამიზნე განსაკუთრებით ხშირად ხდებიან ქალები. დავდიოდი თბილისში და მხვდებოდა პოსტერები ქალი უფლებადამცველებით, რომელთაც “ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. ასეთი პოსტერები ვნახე პარლამენტის წინაც. საერთოდ, როგორ დაუშვეს ასეთი რანგის სამთავრობო შენობის წინ მსგავსი პოსტერების განთავსება და რატომ არაა ისინი აქამდე მოშორებული?” – წერს მერი ლოლერი.

სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და ჩაშლილად მიმოიხილავს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანებისა და ჯგუფების გამოწვევებს ქვეყანაში. მათ შორის, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებული ადამიანების გამოწვევებს.

“ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულ სხვა ადამიანებზე თავდასხმების დაუსჯელობა, ადამიანებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებენ, ასევე მნიშვნელოვან და მუდმივ პრობლემად რჩება. მე ამ ჟურნალისტებსა და მედიამუშაკებს ადამიანის უფლებათა დამცველებად მივიჩნევ და მიხარია, რომ ამაში სახელმწიფო უწყებების ზოგიერთი წარმომადგენელიც მეთანხმება. თუმცა ნათელია, რომ ჟურნალისტებიც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველთა ჯგუფია. სახელმწიფო არ იღებს საკმარის ზომებს საიმისოდ, რომ მათ საკუთარი საქმე შურისძიების შიშის გარეშე აკეთონ”, – ნათქვამია სპეციალური მომხსენებლის წინასწარ დაკვირვებებში.

მერი ლოლერი ეხმაურება ტრენინგების გამო კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების გამოკითხვაზე დაბარების ფაქტებს და იმ ჩანაწერებს, რაც სუს-მა გაასაჯაროვა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ახალგაზრდულ ჯგუფებს ტრენინგებზე რევოლუციური სცენარისთვის ამზადებენ.

“ვნახე ჩანაწერი. ჩემი აზრით, იმ ვიდეოში არაფერია, რაც რამე მხრივ მაინც აძლევს საფუძველს, გაჩენილიყო ეჭვი [ტრენინგის] ორგანიზატორებისა და მონაწილეების  მიმართ. ტრენინგი ღია იყო ყველასთვის, მიმდინარეობდა სამი დღის მანძილზე. ტრენინგის კონსპირაციული მიზნების მტკიცებულებად წარმოდგენილი ვიდეო 8-წუთიანია და უხეშად დამონტაჟებული. ამ ვიდეოს კონსპირაციის მტკიცებულებად წარმოდგენა ნიშნავს სუს-ის მხრიდან განზრახ მცდელობას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზება მოახდინოს”, – აღნიშნავს სპეციალური მომხსენებელი.

გაეროს წარმომადგენლის მხრიდან ე.წ. “ტრენინგების საქმის” შეფასებას მოჰყვა “ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის გამოხმაურება, სადაც  “ანგაჟირებული” უწოდა ლოლერის დაკვირვებებს.

“გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

თავის წინასწარ მიგნებებში სპეციალური მომხსენებელი საუბრობს ლგბტქი უფლებადამცველებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რაც დაუსჯელი რჩება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ უარყოფენ განსაკუთრებულ სირთულეს, რასაც ქვიარ-თემი აწყდება საქართველოში, მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა ნიშანია, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, ეს პრობლემები აღმოფხვრილი იქნას. ლოლერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ასევე ქალი უფლებადამცველების მიმართ თავდასხმებზე, პირდაპირ მუქარებზე, საჯარო შეურაცხყოფაზე, ონლაინ შევიწროებაზე. იგი თვლის, რომ ქართული ოცნების წევრების მხრიდან უხეში ქალთმოძულეობა პარლამენტში აღვივებს ქალი უფლებადამცველების მიმართ მტრულ განწყობებს.

გაეროს წარმომადგენელი აღნიშნავს იმასაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველები უგულებელყოფას გრძნობენ სახელმწიფოს მხრიდან, გარიყულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან და ბულინგის ობიექტებიც კი ხდებიან. 

მერი ლოლერის წინასწარი დაკვირვებების არეალში მოხვდნენ ჯგუფები, რომლებიც გარემოს იცავენ. როგორც იგი აღნიშნავს, არაერთ ქვეყანაში ხდება ასე, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ხვდებიან ის აქტივისტები, რომლებიც გარემოს არამდგრადი და გარემოს დამაზიანებელი ისეთი ბიზნეს-საქმიანობებისგან იცავენ, რაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორებს უკავშირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოყო სპეციალურმა მომხსენებელმა მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”, რომლის ერთ-ერთმა წევრმა კანიონში ინვესტორი თავდასხმაში სწორედ მაშინ დაადანაშაულა, როცა მოძრაობის სხვა წევრები მერი ლოლერთან შესახვედრად ემზადებოდნენ. ლოლერი მოუწოდებს ხელისუფლებას, მოუსმინონ ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცვან მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. 

“საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციასა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები”, – ნათქვამია ლოლერის წინასწარი მოხსენების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. 

მერი ლოლერი საქართველოში ვიზიტის სრულ ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი