ახალი ამბები

ყველა ერთის წინააღმდეგ – “სირცხვილიას” მოწოდება ივანიშვილის წინააღმდეგ

14 ნოემბერი, 2019 • 829
ყველა ერთის წინააღმდეგ – “სირცხვილიას” მოწოდება ივანიშვილის წინააღმდეგ

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ყველას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას.

“სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” შეეშინდა 2020 წლის არჩევნების. მისი თქმით, ივანიშვილს შეეშინდა, რომ ვერ მოიპოვებდა უმრავლესობას პარლამენტში და სწორედ ეს გახდა პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი:

“სახეზეა სახელმწიფო მიტაცება. თავად ის ფაქტი, რომ პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდეს და, შესაბამისად, აღარ აქვთ იმედი, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მხოლოდ ესეც აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ და არც აინტერესებთ. აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს პოლიტიკას”, – განაცხადა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მისი განცახდებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანის თავისუფლება დაიცვას და ყველას, ვისაც სურვილი ექნება, სამოქალქო მოძრაობა “სირცხვილია” სთავაზობს თანამშრომლობას:

“ყველანი უნდა გამოვდნენ ერთად ერთის წინააღმდეგ და არ უნდა დავანებოთ ბიძინა ივანიშვილს, მოიტაცოს ქართველი ხალხის სახელმწიფო. ჩვენ არ დავიშლებით, სანამ საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ”, – ამბობს დიღმელაშვილი

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი