ახალი ამბები

მაინცდამაინც არ ვცნობ ამ საზომს – მაჭავარიანი საარსებო მინიმუმზე

13 ნოემბერი, 2019 • 829
მაინცდამაინც არ ვცნობ ამ საზომს – მაჭავარიანი საარსებო მინიმუმზე

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმის საზომს “მაინცდამაინც არ ცნობს”. ასე უპასუხა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის კითხვას, რას ფიქრობდა საქსტატის მიერ დათვლილ საარსებო მინიმუმზე, რომელმაც სექტემბერში 189 ლარი შეადგინა.

“საარსებო მინიმუმი რამდენი უნდა იყოს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაინცდამაინც არ ვცნობ ამ საზომს. ეს არასწორი საზომია და საერთაშორისო პრაქტიკაში არ ვრცელდება. ამ საკითხს [საარსებო მინიმუმს] უცხოეთშიც უყურებენ, თუმცა არა ამ მაჩვენებლით. ისინი ამას ითვლიან ზოგადად სიღარიბის დონით, ჯინის კოეფიციენტით და სხვა. საქსტატი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი 185 ლარია და ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! მაგრამ თქვენ თუ ამას იმიტომ მეკითხებით, რომ ეს მინიმალური ხელფასის თემას მიაბათ, წინასწარ გეუბნებით, რომ ამას არ ვეთანხმხები”,-აცხადებს მაჭავარიანი.

5 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატში) „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის პრაქტიკის შეწყვეტის ან ხერხის/მეთოდოლოგიის შეცვლის მიმართულებით „კონკრეტული ნაბიჯები არ იგეგმება“.

წინა დღით გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე არ გამორიცხავდა, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს.

„ინტერპრესნიუსის“ თანახმად, გოგიტა თოდრაძემ მათთან თქვა, რომ „საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან“; ასევე თქვა, რომ შესაძლოა, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშების მეთოდოლოგია/ხერხი შეიცვალოს ან ეს პრაქტიკა საერთოდ გაუქმდეს.

რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

მასალების გადაბეჭდვის წესი