ახალი ამბები

კონკრეტული ნაბიჯები არ იგეგმება – საქსტატი საარსებო მინიმუმის დათვლის შეწყვეტაზე

5 ნოემბერი, 2019 • 1616
კონკრეტული ნაბიჯები არ იგეგმება – საქსტატი საარსებო მინიმუმის დათვლის შეწყვეტაზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატში) „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის პრაქტიკის შეწყვეტის ან ხერხის/მეთოდოლოგიის შეცვლის მიმართულებით „კონკრეტული ნაბიჯები არ იგეგმება“.

წინ დღით, 4 ნოემბერს, გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე არ გამორიცხავდა, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს.

„ინტერპრესნიუსის“ თანახმად, გოგიტა თოდრაძემ მათთან თქვა, რომ „საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან“; ასევე თქვა, რომ შესაძლოა, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშების მეთოდოლოგია/ხერხი შეიცვალოს ან ეს პრაქტიკა საერთოდ გაუქმდეს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქსტატს დამატებითი კითხვებით ამ საკითხზე, თუმცა გვითხრეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ იგეგმება.

თოდრაძე იმავე ინტერვიუშიც ამბობდა, რომ „კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის“, თუმცა არ გამორიცხავდა, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვის ან გაუქმების შესახებ პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან საუბარი ჰქონდეს.


იმის მიუხედავად, მთავრობის წევრების ნაწილი წლებია აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას ემხრობა, ამ მაჩვენებელს წლებია იმავენაირად ითვლიან.

რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი და როგორ ითვლება ის ახლა? შეიძლება თუ არა დათვლის ხერხი შეიცვალოს, და  თუ შეიძლება -როგორ? რა მნიშვნელობა აქვს ამ მაჩვენებელს? როგორ ებმის საარსებო მინიმუმი სოციალურ პოლიტიკას? რას მისცემს და რა გამოწვევების წინაშე დააყენებს სახელმწიფოს საარსებო მინიმუმის სხვანაირად გამოანგარიშება? წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია ამ თემაზე:

რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

მასალების გადაბეჭდვის წესი