ახალი ამბები

მაჭავარიანი: დიდი დრო დაგვჭირდება, რომ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლებით ვიამაყოთ

13 ნოემბერი, 2019 • 687
მაჭავარიანი: დიდი დრო დაგვჭირდება, რომ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლებით ვიამაყოთ

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის თქმით, თავისი განცხადება, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ტყუილი არ არის, რადგან მთავრობა 2003 წლამდე არსებულ სტატისტიკას არ ენდობა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მაჭავარიანმა თქვა, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მინისტრი თქმით, ამით თავის მოწონება არ უცდია, უბრალოდ, დადებით დინამიკას გაუსვა ხაზი.

ამის შესახებ გამოცემა Factcheck-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, მაჭავარიანის განცხადება არასწორი იყო. ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრს კითხვა “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა.

“არსებობს 2000-2001 წლების სტატისკიტა, როდესაც უმუშევრობა ყველაზე დაბალი იყო. ჩავთვალეთ, რომ მაგ პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლების სანდოობა მაღალი არ არის. თუ ეს გვეთვლება ტყუილში, ამას ვაღიარებთ, თუმცა სტატისტიკით 2003 წლიდან უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. აქ პრობლემა ის არის, რომ ამ მაჩვენებლით თავს არ ვიწონებთ. ზოგადად, მაღალია უმუშევრობა და უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიაც სრულყოფილი არ არის. დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლებით ვიამაყოთ”, – აცხადებს მაჭავარიანი.

დღეს, 13 ნოემბერს, პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი