ახალი ამბები

კიდევ ერთი დღე ვიქნები თავშეკავებული – ბაქრაძე პროპორციულის კენჭისყრის გადადებაზე

13 ნოემბერი, 2019 • 902
კიდევ ერთი დღე ვიქნები თავშეკავებული – ბაქრაძე პროპორციულის კენჭისყრის გადადებაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ უმრავლესობას კიდევ ერთ დღე მისცა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ინიაციატივასთან დაკავშირებით, რათა კანონპროექტი მათთან კონფლიქტის საბაბით არ ჩააგდონ.

„ვხედავთ, რომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ვითმენთ შეურაცხყოფებს, ვისმენთ აბსოლუტურად მიუღებელ გამოსვლებს. ეს ხდება ერთადერთი მიზეზით: რათა არ მივცეთ უმრავლესობას საბაბი, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ [ინიციატივა] და არ მიიღონ პროპორციულზე გადასვლის გადაწყვეტილება“, — განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

„მე დღესაც, კიდევ ერთი დღე, ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის არ მიეცეს საბაბი“, — თქვა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. პლენარული სხდომია 12 საათზეა ჩანიშნული. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

13 ნოემბერს, საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

თუმცა განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, შესვენების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ ხვალამდე გადაედოთ კენჭისყრა, რათა კიდევ ერთხელ შეჯერებულიყო პოზიციები უმრავლესობაში.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან ითათბირა, რის შემდეგადაც გადაწყდა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი