
სოზარ სუბარმა სამეთვალყურეო საბჭოს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ისაუბრა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტების რეაბილიტაციასა და ახალ მშენებლობებზე. სოზარ სუბარის ინფორმაციით, გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ახალი კორპუსები აშენდება, რაც გადაწყვეტს გორში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას, მსგავსი ვითარებაა ხაშურსა და ახალციხეშიც.
საბჭოს წევრები დააინტერესა სამინისტროში მოქმედმა ახალმა პროექტმა, რომელიც დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვას ითვალისწინებს.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დროებითი საექსპერტო ჯგუფების შექმნის საკითხიც. შეიქმნა სამი საექსპერტო ჯგუფი: სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლის, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწისა და პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნატალი ჰულუ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი, FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თორნიკე ცაგარეიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.
