ახალი ამბები

რას (არ) საქმიანობდნენ მაჟორიტარები 2018 წელს

13 ნოემბერი, 2019 • 1570
რას (არ) საქმიანობდნენ მაჟორიტარები 2018 წელს

დაპირების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების ნაწილი არ უჭერს მხარს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გთავაზობთ ამონარიდს „ნეტგაზეთის“ 2019 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც მოცემულია ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია 2018 წელს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობასა და მათი ბიუროების ხარჯების შესახებ:

რამდენად არის მაჟორიტარული/შერეული სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში არ თქვან მასზე უარი? რეალურად, რას საქმიანობენ მაჟორიტარი დეპუტატები? ან რამდენად და როგორ აისახება მათი საქმიანობა მოსახლეობაზე?

აღმოჩნდა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) ბოლო, 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო, მათი მაჟორიტარის ვინაობა სწორად დაესახელებინა. კვლევის ინტერპრეტაციით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა არ იცის, პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა (კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ).

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა მაჟორიტარი დეპუტატების უშუალოდ საპარლამენტო საქმიანობითა და ხარჯებით. ჩვენ 2018 წლის ბოლოს გამოვითხოვეთ პარლამენტიდან სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც ახლა შეჯამებულად გთავაზობთ:

მაჟორიტარები და მათი ბიუროები

2018 წელს მაჟორიტარი დეპუტატების 73 ბიუროს თანამშრომლებისთვის (რომელთა რიცხვიც მერყეობს 2-დან 12-ს შორის) ბიუჯეტიდან ხელფასების სახით გამოყოფილი იყო 3,237,824.81 ლარი.

ბიუროების წლიური ფონდი, ჯამში, შეადგენდა 4,397,760.00 ლარს (პარლამენტის განმარტებით, თითოეულ საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 4300 ლარი, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც განთავსებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიურ დაფინანსებას, ანუ 4300 ლარს, ემატება 2390 ლარი თითოეულ დამატებით მუნიციპალიტეტზე).

2018 წელს 31 მაჟორიტარისთვის საოფისე ქირების ხარჯი იყო 210,733.67 ლარი.

[რიგითი პარლამენტარის ხელფასი, ბოლო მონაცემებით, 4 623 ლარად არის განსაზღვრული, ანუ წელიწადში ისინი იღებენ 4,049,748 ლარს].

შეესაბამება თუ არა მათი საპარლამენტო საქმიანობა იმ ხარჯებს, რასაც სახელმწიფო მაჟორიტარ პარლამენტარებს უხდის და მათი ბიუროების შესანახად ხარჯავს?

დასწრება

2018 წლის 7 თებერვლიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულ 47 პლენარული სხდომიდან 67 მაჟორიტარიდან 38-მა 10-ჯერ და მეტჯერ გააცდინა სხდომები, თუმცა გაცდენების ნაწილი საპატიო იყო;

თუმცა, ჯამში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 8 არის ისეთი, ვისაც 10 და მეტი არასაპატიო გაცდენა აქვს, ხუთი მათგანი კი მაჟორიტარია.

სიტყვით გამოსვლები

ამავე პერიოდში ჩატარებულ 47 პლენარულ სხდომაზე 18 მაჟორიტარი (ანუ მაჟორიტარი პარლამენტარების თითქმის მეოთხედი) სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. ჯამში, 32 მათგანს აქვს 10-ზე მეტი გამოსვლა; 20-ზე მეტი გამოსვლა მხოლოდ 9 მაჟორიტარს აქვს.

ყველაზე მეტი გამოსვლა აქვთ მარიამ ჯაშს (53), ზაქარია ქუცნაშვილს (51), ზაზა ხუციშვილს (43), მამუკა მდინარაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს (42-42) და არჩილ თალაკვაძეს (41);

კანონპროექტები

დაბოლოს — 2018 წლის განმავლობაში, პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში დარეგისტრირდა 114 კანონპროექტი, რომლის ინიციატორები ან ავტორები პარლამენტის წევრები იყვნენ.

73-დან მხოლოდ სამი მაჟორიტარი დეპუტატი ფიქსირდება კანონპროექტის ავტორებში (ზაზა ხუციშვილი, სოფო კილაძე და ოთარ დანელია); 18 მაჟორიტარი კი საერთოდ არცერთი კანონპროექტის ინიციატორიც კი არ ყოფილა (დანარჩენები იყვნენ 1-დან 13-მდე კანონპროექტის ინიციატორები).

სრული სტატია:

ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი