ახალი ამბები

„შეცვალე“ – პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აქციის ფონზე განიხილავს

13 ნოემბერი, 2019 • 1426
„შეცვალე“ – პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აქციის ფონზე განიხილავს

ახლახან, 12:15 საათისთვის, პარლამენტმა დაიწყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებული წინადადების განხილვა.

საპარლამენტო განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ (რომელსაც ადრე „სირცხვილია“ ერქვა) ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა ითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება შეასრულოს და მხარი დაუჭიროს შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც მულტიპარტიული პარლამენტის წინაპირობად განიხილავენ.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულზე გადასვლას – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი