პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციის ვერსიას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფის მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა, 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში. პროექტის თანახმად:

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან. არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლეთა ხმების 3%-ს მაინც, არჩევნებში მონაწილეობის წესი და  პირობები, აგრეთვე, პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით”.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დეპუტატებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გააცნო. მან მზადყოფნა გამოთქვა, პროექტში ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის, პარტიებისა და ბლოკებისთვის დიფერენცირებული ბარიერის შემოტანის გზით. საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კონსტიტუციის გადასინჯვისთვის 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დღესვე პარლამენტი კენჭს უყრის მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპროციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.