“ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები არიან” – კობახიძე “ეკლესიაზე შტურმში” ოპოზიციას ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბოლო დროს ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში და პატრიარქზე ვერბალურ თავდასხმაში პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებენ.

“ჩვენს ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება და პირიქით, სწყინთ. ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის არა სწამს”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გასული 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ “უპრეცედენტო შტურმი” ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე.

“ამაზე მეტყველებს მათი ლიდერების მესიჯები, ფეისბუქზე ათასობით “ნაციონალის” უპრეცედენტო შტურმი პატრიარქზე და ეკლესიაზე, “ნაცების” საიტები შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი შტურმი ხორციელდება ეკლესიაზე და პატრიარქზე და ასევე, “ნაცმოძრაობის” სატელევიზიო საშუალებები, მათი მარგინალური პარტიული ტელევიზია ახორციელებდა მიზანმიმართულ შტურმს ეკლესიაზე. მარტო სათაურების მოყვანაც არის საკმარისი: “მოძალადე მღვდლები”, “საპატრიარქოში რუსული გავლენა ძლიერდება”, “საქმე უნდა ყოფილიყო უკრაინისკენ, მაგრამ წავიდა უკანისკენ”, “რუსოფილი მიტროპოლიტი”, “დაწყევლილთა სია”, “პედოფილიის ბრალდება”, “ქრისტეფორე სინოდის წევრების მხრიდან მუქარაზე საუბრობს”, “მამათმავლობაში დადანაშაულებელი მღვდლები” და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვის ინტერესებშია და მიერ არის მართული ეკლესიაზე შეტევა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შტურმი არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ სცადეს პარლამენტში შეჭრა და ხელისუფლებსი გადატრიალება და ეს მცდელობა დასრულდა წარუმატებლობით. ახლა ისინი ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, რომელიც აუცილებლად დაუპირისპირებენ სათანადო პასუხს ასეთ პოლიტიკურ ძალებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო “თავდასხმა პირადად პატრიარქზე”, რომელიც 40 წელზე მეტია ემსახურება ეკლესიის და ქვეყნის აღორძინებას.

“ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან – ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ ახლა სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დრის ოჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.