ახალი ამბები

ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩაგვრა და სხვა – მოსწავლეთა ანონიმური ისტორიები

11 ნოემბერი, 2019 • 2129
ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩაგვრა და სხვა – მოსწავლეთა ანონიმური ისტორიები

219 60 80 – სატელეფონო ცხელი ხაზია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა. ამ ხაზის მეშვეობით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მშობლები ორგანიზაციას უკავშირდებიან, რათა ის პრობლემები გადაჭრან, რომლებიც მათ შვილებს სკოლებში აწუხებთ.

ცხელი ხაზი 2018 წლის ნოემბერში შეიქმნა, მუშაობის 10 თვის განმავლობაში კი ორგანიზაციას 312-მა მშობელმა მიმართა. მიმართვების ნაწილი (20%) ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებში გადაამისამართა.

ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის“ თქმით, ყველაზე ხშირად მშობლები სკოლებში ბულინგის, ანტისანიტარიის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა უფლებრივი მდგომრეობისა და სწავლების არაადეკვატური მეთოდების გამო მიმართავდნენ.

ნეტგაზეთმა ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული ისტორიებიდან რამდენიმე აარჩია:

მშობლების ისტორიები

ძალადობა

ამბავი N01 მასწავლებელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობს.
საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (ზარის ავტორია მე-7 და მე-10 კლასელი მოსწავლეების მშობელი).

ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. უხეშია, არ აქვს მოსწავლეებთან გამონახული საერთო ენა და გაკვეთილის განმავლობაში ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ბავშვები არ სწავლობენ მის საგანს. მაგალითისთვის, მშობელი იხსენებს, რომ მასწავლებელმა 13 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“.

იგივე მასწავლებელი ზარის ავტორის მეორე შვილს, მე-10 კლასელ ბიჭსაც ასწავლის და ხშირად აგდებს გაკვეთილიდან. მშობლის თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში არ არიან მანდატური, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. გარდა ამისა, მასწავლებელი შემაჯამებელ სამუშაოზე წინასწარ აკეთებს შეფასებას. კერძოდ, მოსწავლეებს მერხზე სუფთა ფურცელს უდებს, რომელზეც განმსაზღვრელი შეფასება/ქულა წინასწარ წერია.

ბავშვები მშობლებთან ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ხმამაღლა თქმის ეშინიათ. საქმეს ართულებს ისიც, რომ დირექცია არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. მშობლის განმარტებით, დირექტორის იმედი რომ ჰქონდეთ, მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ სიმართლის თქმა.

ამბავი N05 – „საშინაო დავალებებით ძალადობა – სწავლის სურვილისა და შესაძლებლობის მიზანმიმართული დასუსტება“საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (ზარის ავტორი მე-8 კლასელის ბებია).

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არაგონივრული ზომის საშინაო დავალებას ატანს ბავშვებს. მაგალითად, 25 ზმნა გასარჩევად, პლუს- ლიტერატურის შინაარსი და ანალიზი. ბებია ამბობს: „საშუალოდ 8-9-საათიანი სამუშაო მოაქვს ბავშვს, ბავშვი თავს ვერ ართმევს, ამდენი სამეცადინო იწვევს აგრესიას, ეძინება რვეულზე. სხვა საგნების მეცადინეობას ვეღარ ახერხებს. გამოიკვეთა ერთი რამ: თუ გამოძახებული ბავშვი თავს ვერ გაართმევს დაფასთან დავალებას, მთელი კლასი ისჯება და სახლში გასაკეთებლად აძლევს დავალებას. იმ გოგონას მისცა 35 ზმნა, ხოლო დანარჩენ ბავშვებს 25-25. ძალიან განერვიულებული ვარ ამ საკითხის გამო. ამის შემდეგ მიდის ბავშვი სკოლაში, 16 გვერდი აქვს სავსე და მასწავლებელი ბავშვს იძულების გზით თავისი ხელით აწერინებს 2-იანს, და განმარტებას, „იმის გამო, რომ დავალება სრულად არ მქონდა“.

ეს მასწავლებელი არ ექვემდებარება არაფერს. ითხოვს, მარტო უნდა ისწავლონ ქართული, მარტო უნდა მოუნდე ქართულს და იმის იქით 6-7 საგანი აღარაფერია. არანაირი კომუნიკაცია მშობელთან არ აქვთ. თუ მიხვალ და რაიმეს იტყვი, კივიან, წივიან, ისე წამოხვალ სკოლიდან, შეურაცხყოფილი.“

ჩაგვრა/ბულინგი

ამბავი N03 – მოსწავლის გარიყვა. საჯარო სკოლა, ქალაქი თბილისი (ზარის ავტორია მე-3 კლასელის ბებია).

ბებიის მონათხრობის მიხედვით, მისი მესამეკლასელი შვილთაშვილი გოგონა მუდმივად განიცდიდა ჩაგვრას მასწავლებლის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან. ჩაგვრის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მშობლებისგან მიტოვებულ გოგონას ბებიას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მშობელთან. ბებიის ცნობით, გოგონას თანაკლასელების მშობლები და მასწავლებლები მშობელთა კრებაზე საჯაროდ, ხოლო ზურგს უკან – ოჯახებში, შვილების გასაგონად განიხილავენ მის მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა, თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება. მშობლების დამოკიდებულება მოქმედებს ბავშვებზე და გოგონას მუდმივ რეჟიმში უხდება თავის დაცვა, როგორც თანაკლასელებისგან, ისე – მათი უფროსი და-ძმებისგან, მშობლებისგან და მასწავლებლისგანაც კი.

ამბავი N04 – როცა რომელიმე მოსწავლე მოძალადეს თავს არ აჩაგვრინებს.
საჯარო სკოლა, ქალაქი თბილისი (ზარის ავტორია მე-3 კლასელის დედა).

საქმე ეხება 8 წლის ბიჭს, რომელიც მესამე კლასში იმდენად გარიყული აღმოჩნდა, რომ მშობლებმა მისი სხვა სკოლაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. დედის მონათხრობის მიხედვით, მისი შვილის კლასში სწავლობდა ბავშვი, რომელიც გამუდმებით აყენებდა სხვა მოსწავლეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. მისი შვილი 2 წლის განმავლობაში იტანდა თანაკლასელისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაზეც მასწავლებელს რეაგირება არ ჰქონდა. მესამე სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ზარის ავტორის შვილმა თავის დაცვა დაიწყო.

კერძოდ, აღარ ითმენდა შეურაცხყოფას, დაცინვას და ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. მასწავლებელი ყოველთვის ამტყუნებდა მოსწავლეს, რომელიც თავს იცავდა. პედაგოგი სხვა ბავშვების მშობლებთანაც ამბობდა, რომ უჭირდა ამ ბავშვის მართვა, რადგან ის კლასში გაკვეთილის ჩატარების საშუალებას აღარ აძლევდა. ამან გამოიწვია სხვა მშობლების განაწყენება, ერთ მუშტად შეკვრა და ზარის ავტორთან დაპირისპირება. როგორც სკოლის შენობაში, ისე ქუჩაში ადგილი ჰქონდა მშობლების დაპირისპირებას. პარალელურად, ბავშვებმა შეიძულეს თანაკლასელი.

საბოლოოდ, ბიჭი სხვა სკოლაში გადაიყვანეს, რადგან მას მთელი სასკოლო საზოგადოება დაუპირისპირდა. დედა ამბობს, რომ სკოლაში პრობლემა ექმნება ყველას, ვინც თავს არავის აჩაგვრინებს. სკოლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ სივრცეში არსებობენ მოძალადე და მსხვერპლი ბავშვები. პრობლემას ქმნის ის, თუ ვინმემ თავის დაცვა გადაწყვიტა და ამის გამო მუდმივი კონფლიქტი აქვს მოძალადესთან. ბავშს მიეკერა „გიჟის“ იარლიყი. დედა ამ დრომდე ცდილობს მიაღწიოს სამართალს, წერს განცხადებებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და ითხოვს დადგეს ყოფილი მასწავლებლის, დირექტორისა და სასწავლო ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ბავშვი გარიყეს, თუმცა უკვე თვეებია საქმე წინ არ მიიწევს.

ანტისანიტარია

ამბავი N 10 ანტისანიტარია სკოლებში, საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (მე-3 კლასელი მოსწავლის მშობელი).

მშობელი ამბობს, რომ საკლასო ოთახი სველი წესით თვეობით არ ლაგდება. ბავშვებს განათლების მიღება ანტისანიტარიაში უწევთ. მისი ინფორმაციით, სკოლაში 700 ბავშვი და 3 დამლაგებელია. მათი ძირითადი საქმიანობა დერეფნების და სველი წერტილების მეტ-ნაკლები დასუფთავებით შემოიფარგლება. საკლასო ოთახებში თითქმის არასდროს შედიან. კანონის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს ფულის აგროვებას უკრძალავს, თუმცა ვერც თავად ართმევს თავს სკოლაში ჰიგიენის დაცვას. მოსწავლეები და მათი მშობლები გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

ამბავი N11 – ანტისანიტარია და უსაფრთხოების დარღვეული ნორმები სკოლის საპირფარეშოებში. საჯარო სკოლა, ქალაქი თბილისი (ზარის ავტორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ბებია).

მთელ სკოლაში საპირფარეშოს სუნი დგას. სკოლიდან ბავშვის გამოყვანის დროს, რეგულარულად, დერეფნები და საკლასო ოთახები ყარს. სუნი იმდენად გაუსაძლისია, რომ გაკვეთილების დასრულების მოლოდინშიც კი ბავშვების მომლოდინე მშობლები დერეფანში ვერ ჩერდებიან და ეზოში ელოდებიან შვილებს. მშობლებმა დირექტორთან შესვლა გადაწყვიტეს, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა გაიგო და შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ: „ჩემი კლასის მშობლები არ შეხვიდეთ“. ბებია იხსენებს- „წარმოგიდგენიათ, იმ საშინელი სუნის გასაპროტესტებლად, მასწავლებლის თხოვნის გამო, მხოლოდ სამი მშობელი შევედით დირექტორთან.

გვეუბნებიან, სკოლა გასარემონტებელია, 900 ბავშვია და როგორ გავაკონტროლოთო. პირობა და იმედიც კი არ მომცეს, რომ გამოსწორდება მდგომარეობა. ბავშვმა ორჯერ სკოლაში აღებინა, სამჯერ მძიმე გულისრევის შეგრძნებით წამოვიყვანე. ყოველდღე დილიდან ბავშვი სკოლაშია, ფანჯრები დახურულია. ტუალეტში კი არ დგას მხოლოდ სუნი, დერეფნებშიც, კლასები ყარს უკვე. თანახმა ვართ ვიმორიგეოთ მშობლებმა, დავეხმაროთ, ვასწავლოთ ამ ბავშვებს, მაგრამ ჩვენ გარდა ეს არავის აწუხებს. მუცელს იტკიებენ სხვა ბავშვებიც, გულისრევის შეგრძნება აქვთ, მაგრამ დედები ამას სერიზულად არ აღიქვამენ. ჯალათებივით გამოვდივართ ეს მშობლები, იძულებით მიგვყავს ბავშვები ისეთ გარემოში, სადაც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.“

უთანასწორო მოპრყობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე

ამბავი N12 – კერძო სკოლა უარს აცხადებდა დიაბეტით დაავადებული ბავშვის მიღებაზე. კერძო სკოლა, ქალაქი თბილისი (ზარის ავტორი სასკოლო ასაკის ბავშვის მშობელი).

კერძო სკოლა უარს ეუბნებოდა მშობელს დიაბეტით დაავადებული ბავშვის პირველ კლასში მიღებაზე. იმის შემდეგ, რაც მშობელმა გააპროტესტა მათი უარი, სკოლამ მიიწვია ის ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ. საუბრის დროს მშობელმა აღნიშნა, რომ მისი უფროსი შვილი ამ სკოლაში დადიოდა და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, უმცროსი შვილის იქ ტარებაც. მშობელმა დახმარება აღუთქვა სკოლას. კერძოდ, სკოლაში დასაქმებული ექთნის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებით. მიუხედავად ამისა, დიდი ძალიასხმევა დასჭირდა, რომ ბავშვი სკოლაში მიეღოთ.

ამბავი N13 – არატიპური განვითარების ბავშვის ყოფა სკოლაში. საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (მეოთხეკლასელი მოსწავლის დედა).

ბიჭს აქვს ყურადღების დეფიციტი. ჰიპერაქტიურია. დადგენილი აქვს განვითარების შეფერხების საშუალო ხარისხი. მშობელს დაჰყავს რეაბილიტაციის ცენტრში თერაპიაზე. როგორც ამბობს, კარგი შედეგები აქვს. ფსიქოლოგი ჰპირდება, რომ წლის ბოლომდე განვითარებით დაეწევა ტიპურ ბავშვებს. თუმცა სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა. აყენებს კუთხეში, სჯის მკაცრად. მშობლის საჩივარზე პასუხად, სკოლა მას სპეცმასწავლებელს სთავაზობს. სტერეოტიპების შიშით მშობელს სპეცმასწავლებელი არ სურს. მისი თქმით, მასწავლებელმა უბრალოდ რომ გამოხატოს დახმარების კეთილი ნება, ადვილად მიაღწევენ შედეგს, რადგან ბავშვი თერაპიაზე დაჰყავს და მის შვილს სკოლაში ინდივიდუალური პროგრამა არ სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი