ახალი ამბები

შსს-მ ლევან აკინის ფილმში პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

11 ნოემბერი, 2019 • 3429
შსს-მ ლევან აკინის ფილმში პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” “პორნოგრაფიულ კონტენტი” ვერ აღმოაჩინა, შესაბამისად, გამოძიებაც არ დაუწყია.

ფილმის შინაარსის შესწავლის მოთხოვნით შსს-ს მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თანახმად,  ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს „პორნოგრაფიულ კონტენტს“ და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – აცხადებენ შსს-ში.

ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ ფილმი „პორნოგრაფიული კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.

ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.

„ნეტგაზეთმა“ კინოცენტრის ხელმძღვანელს, გაგა ჩხეიძეს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, შეიძლება თუ არა ეს ფილმი პორნოგრაფიულად ჩაითვალოს. მან გვიპასუხა:

„მე ვთვლი, რომ ეს ფილმი არავითარ შემთხვევაში არ არის პორნოგრაფია… პორნოგრაფიის განსაზღვრებები არსებობს და სულ სხვა რამეა. ეს ფილმი და ეს სცენა ცალსახად არ არის პორნოგრაფია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი