ახალი ამბები

მეუფე პეტრეს თქმით, 2013 წელს პრეზიდენტად მარგველაშვილს ბურჯანაძე ერჩივნა

11 ნოემბერი, 2019 • 2371
მეუფე პეტრეს თქმით, 2013 წელს პრეზიდენტად მარგველაშვილს ბურჯანაძე ერჩივნა

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ერჩია მიუხედავად ამ უკანასკნელის რუსეთში ვიზიტებისა და პუტინთან შეხვედრებისა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

მიტროპოლიტის განცხადებით, რომელსაც ცოტა ხნის წინ სინოდმა ეპარქია ჩამოართვა, ის 2013 წელს ნინო ბურჯანაძეს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს შეხვდა.

“მიმაჩნდა, რომ რუსეთთან მას ამოეწურა თავისი რესურსი და ბოლომდე გვცოდნოდა…

პუტინთან შეხვედრის შემდეგ [ბურჯანაძე] ჩამოვიდა და პატრიარქს უთხრა, თუ არაგულწრფელია, მის სინდისზე იყოს. პუტინმა მითხრაო, რომ ეს შეცდომა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება მედვედევმა დაუშვაო, ამას როგორ ვიზამდიო. მინდა დავიჯერო, რომ უკან დასახევი დაიტოვა [პუტინმა]. ანუ ჯერ კიდევ რესურსი არსებობდა. მე რუსეთთან ურთიერთობის [დალაგების] და დიალოგის მოხრე ვარ.

და მიმაჩნდა რომ მარგველაშვილისაგან განსხავვებით, ბურჯანაძე ამას უკეთე მოახერხებდა. თუ ეს [ბურჯანაძის საქმიანობა] მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა, გაიშიფრებოდა. როგორც პოლიტიკოსს მას მეტ ნდობას ვუცხადებდი, ვიდრე მარგველაშვილს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა პეტრემ ილია მეორეს ჰომოსექსუალი უწოდა, ნინო ბურჯანაძემ კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქი შეძლებს, საპატრიარქოს, მისი და ერის წინააღმდეგ გაკეთებული დიდი დარტყმის გაძლებას და ასევე, მე პირადად ველოდები, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება იმ უმსგავსობაზე, რაც ყოფილმა მეუფემ გააკეთა. ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ ბრალდება, ეს არის ქვეყნის, ერის, რწმენის და ყველაფრის ღალატი, რაც კი შეიძლება წმინდა არსებობდეს ამ ქვეყნად. ეს არავის უნდა ეპატიოს და ამაზე ადეკვატური პასუხი უნდა იყოს გაცემული, როგორც ერის, ასევე ბერის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის ცნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი