ახალი ამბები

როგორ მოაწერინა კირილმა ილია მეორეს სირიის ომის მემორანდუმზე ხელი – მეუფე პეტრე

11 ნოემბერი, 2019 • 6211
როგორ მოაწერინა კირილმა ილია მეორეს სირიის ომის მემორანდუმზე ხელი – მეუფე პეტრე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ 2011 წელს რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს ხელი მოაწერინა მემორანდუმზე, რომლის მიმართაც მანამდე ქართულ მხარეს ნეგატიური პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა “მთავარ“ არხთან ინტერვიუში იხსენებს, რომ 2011 წელს, მაშინ, როდესაც სირიაში ომი დაიწყო, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქები რუსეთის გაქრისტიანების იუბილეს აღსანიშნავად შეკრიბა. მისი სიტყვებით, პირველი შეხვედრა უნდა გამართულიყო მოსკოვში, მეორე- კიევში, მესამე კი- ბელარუსში.

პეტრე ცაავა ამბობს, რომ ის პირველ შეხვედრას არ დასწრებია და დელეგაციას უკრაინაში შეუერთდა, თუმცა ამბავი, რომელსაც ჰყვება, იქ მყოფი მღვდელმთავრების გადმოცემიდან იცის:

“შედგენილია მემორანდუმი, რომლითაც მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ პატრიარქების სახით მხარი უნდა დაუჭირონ სირიიდან დევნილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რაც რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს სირიის ომში.

როგორც მღვდელმთავრებიდან ვიცი, [შეხვედრაზე] გამოდის სერბეთის პატრიარქი და ამბობს, რომ მოდი, ამ მემორანდუმში სირიიდან დევნილი მართლმადიდებლების გარდა, შევიყვანოთ კოსოვოდან დევნილი მართლმადიდებელი – არ არისო პრობლემაო; ალექსანდრიის პატრიარქი წამოდგა და გამოვიდა ინიციატივით, რომ აფრიკის პატარა ქვეყნებში არიან მართლმადიდებელი დევნილები და შევიყვანოთ ისინიცო – კი ბატონოო.

წამოდგა კათოლიკოს-პატრიარქი და თქვა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებიც შევიყვანოთო – ო, ეს უნდა გადაწყვიტოს პუტინმაო. გადაწყვიტოს პუტინმაო მაშინ და აღარ მოაწერა ხელი“ – ჰყვება პეტრე ცაავა.

შეხვედრის შემდეგ, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მონაყოლის მიხედვით, რუსულმა არხებმა მემორანდუმი გააშუქეს ისე, თითქოს მსოფლიოს ყველა პატრიარქმა მას ხელი ერთსულოვნად მოაწერა და სირიიდან დევნილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მხარი დაუჭირა. ცაავა იხსენებს, რომ ქართულ მხარეს ამის გაპროტესტება, ვიზიტის შეწყვეტა და შესაბამისი წერილის დაწერა უნდოდა.

“ქორეპისკოპოსები და სხვები იყვნენ და, რა თქმა უნდა, წერილს ვინ გაბედავდა და დაიწყეს ქალბატონ მდივან-რეფერენტის [შორენა თეთრუაშვილის] ძებნა. როგორც მე მომიყვნენ, სადღაც ერთ საათს ეძებდნენ მას, მერე ნახევარ საათს- კალამს, მერე ფურცელს და ამდენ ხანში პატრიარქს ჩაეძინა და დილით უთხრეს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, თქვენ ხელი მაინც არ მოგიწერიათ, ეს იმათ [რუსულმა არხებმა] იცრუეს და ყალბი ინფორმაცია გააშუქეს, მაგრამ ისტორიას დარჩება, რომ თქვენ ხელი არ გაქვთ მოწერილი. დაამშვიდეს და წამოვიდნენ უკრაინაში“, – იხსენებს ცაავა.

ცაავას სიტყვებით, ვიზიტი ამის შემდეგ უკრაინაში გაგრძელდა, სადაც ქართულ დელეგაციას თვითონაც შეუერთდა. მისი მონათხრობის მიხედვით, იმის შემდეგ, რაც კიევში ღია ცის ქვეშ ერთობლივი წირვა ჩატარდა, ილია მეორე სასტუმროში დაბრუნდა. გარკვეული ცვლილებების შემდეგ, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი მისცეს, რომლის აივანსაც სახანძრო [საევაკუაციო] კიბე ჰქონდა.

“რეკავენ ერთ-ერთ მღვდელმთავართან, საგარეო განყოფილებას ვინც ხელმღძღვანელობს და ეუბნებიან, რომ პატრიარქ კირილს უნდა მოსვლა პატრიარქთან – შეხვედრა არაოფიცალურად. ეს ისეთი შემთხვევაა, რომ ამერიკის ელჩი პირველ სართულზე ელოდება პატრიარქთან შეხვედრას…

…მე აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს, რას ვამბობ, მაგრამ ვამბობ… მხოლოდ [კირილი] ამ სახანძრო გასასვლელიდან ამოვაო. ყველა გაჩერდა და უცბად ჩემი ემოციით ვთქვი, “რას ამბობთ, როგორ-მეთქი“. და მართალია მეუფე პეტრეო და თუ უნდა, ოფიციალურად მოვიდესო, გადარეკეს და დათანხმდნენ [რუსები].

ვსხედვართ პატრიარქთან მისაღებში, შემოვიდა ის [კირილი] მარტო, დაცვამ კარებთან მიაცილა, დაახლოებით ისე, როგორც ბადრაგი შემოდის ხოლმე, რამაც მე დიდ უხერხულობაში ჩამაგდო და გვეუბნება, დაგვტოვეთ მარტოო. საქაღალდე უჭირავს, გავიდა ყველა მღვდელმთავარი და ბოლოს გავედი მეც… ერთი სული მაქვს… ვთვლი ჩემს თავს და პატრიარქს შეურაცხაყოფილად, მანიშნა [ილია მეორემ] და გავედი მეც, ორი სიტყვა უთხრა, საქაღალდე დააგდო, მოაწერინა ხელი და არც დაგვემშივიდობა“, – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი