ახალი ამბებისამართალი

თბილისის კინოთეატრებთან დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

9 ნოემბერი, 2019 • 8127
თბილისის კინოთეატრებთან დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის კინოთეატრებთან 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის გათვალისწინებით სასამართლომ ერთი პირი, მერაბ ჭიკაიძე დააჯარიმა და ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა 500 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოში ადასტურებენ.

სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩლებლობის ნაწილში საქმის წარმოება ჭიკაიძის მიმართ შეწყდა. რაც შეეხება დანარჩენ 21 პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმების განხილვას, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სასამართლო პროცესი 2019 წლის 11 დეკემბრამდე გადაიდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდაღვევების ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი. აღნიშნული მუხლები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს. ერთი პირი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით არის დაკავებული სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის ფიზიკური დაზიანებისთვის.


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი