ახალი ამბები

EFA-ს ნომინანტებს შორის ანტონიო ბანდერასთან ერთად ლევან გელბახიანიც დაასახელეს

9 ნოემბერი, 2019 • 3255
EFA-ს ნომინანტებს შორის ანტონიო ბანდერასთან ერთად ლევან გელბახიანიც დაასახელეს

“ევროპის კინემატოგრაფიის ჯილდოს” ნომინანტებს შორის კაცის როლის შესრულებისთვის დასახელებულია ლევან გელბახიანი ფილმისთვის “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

ლევან გელბახიანთან ერთად ნომინირებულთა შორის არის ანტონიო ბანდერასი ფილმისთვის Pain and Glory (რეჟ. პედრო ალმოდოვარი). ნომინაციაზე სულ 6 მსახიობი კაცია წარდგენილი.

“ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო” 24 კატეგორიაში გაიცემა და ის კინოსამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის მიზანიც ევროპული კინოსა და მსახიობების გამორჩევაა.

დაჯილდოების ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.

 


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი