ახალი ამბები

გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ

9 ნოემბერი, 2019 • 2070
გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ

გარდაბნის თბოელექტროსადგურის, “თბილსრესის” 200-მდე თანამშრომელი ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას უკვე მეოთხე დღეა მართავს.  თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა დღეს მოთხოვნა შეცვალეს და დამატებითი 300 ლარის ანაზღაურებაზე არიან თანახმა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ამირან ზენიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, თბოელექტროსადგურის თანამშრომლების ახალი მოთხოვნის მიხედვით თანხებში დიდი სხვაობა არ არის:

“ფაქტობრივად იგივე თანხაზეა საუბარი, რადგან საშუალოდ გარდაბნის თბოელექტროსადგურში დასაქმებული ადამიანების ხელფასი 550-დან 750 ლარამდე მერყეობს, ამ თანხების 50% კი საშუალოდ სწორედ 300 ლარია.” – განაცხადა ზენიაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის განმარტებით, თბოელექტროსადგურის თანამშრომლებს ენერგეტიკულ ობიექტებზე სხვადასხვა საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება უწევთ. მისი თქმით სადგურზე მუშაობისას სხვადასხვა დროს იყო მსხვერპლის შემთხვევებიც:

“ენერგეტიკულ ობიექტებზე მუშაობა ყოველთვის საფრთხის შემცველია, კონკრეტულად ამ ობიექტზე კი ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაინვალიდდა” – აღნიშნა ზენიაშვილმა. მისი თქმით გარდაბნის თბოელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების ხელფასები შედარებით მაღალია და სწორედ ეს არის”თბილსრესის” თანამშრომლების მოთხოვნების ერთ-ერთი მიზეზი:

“აქციის მონაწილეები ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები არიან და სხვა ობიექტებთან მიმართებაში მათი ხელფასები გაცილებით დაბალია. გარდა ამისა სხვა თბოელექტროსადგურებში სამუშაო პირობებიც ბევრად უფრო კომფორტულია, აქვთ ახალი დანადგარები და არ არის ისეთი საფრთხის შემცველი სამუშაო, როგორ პირობებშიც აქციის მონაწილეებს უწევთ მუშაობა” – განაცხადა ზენიავილმა.

ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით კომპანიის “თბილსრესი” ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის 200-მდე თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი