გარდაბნის თბოელექტროსადგურის 200-მდე თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს

გარდაბნის თბოელექტროსადგურის, “თბილსრესის” 200-მდე თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ამირან ზენიაშვილმა განუცხადა, დამსაქმებელთან შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ზენიაშვილის თქმით, დამსაქმებლები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ, ასევე, ღამის საათებში ანაზღაურების 20%-ით გაზრდას, თუმცა დამსაქმებელმა მათ იანვრიდან ხელფასის მხოლოდ 20 პროცენტით მატება შესთავაზა, რაზეც დასაქმებულები არ დათანხმდნენ და გაფიცვას აგრძელებენ:

“ჩვენი მოთხოვნა იყო 50 პროცენტით ხელფასის გაზრდა. ადმინისტრაციამ გვითხრა ამასთან დაკავშირებით, რომ პირველი იანვრიდან გაზრდის 20%-ით. ასევე იყო გაცემა პრემიის, რომელსაც ასევე დათანხმდა, თუ დაიწყებთ მუშაობას, 3 დღეში გავცემთო. მესამე მოთხოვნა იყო ღამის საათებზე 20 პროცენტით გაზრდა. დაზღვევის საკითხებზეც იყო საუბარი, თუმცა ძირითადი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო”, – ამბობს ზენიაშვილი.

მისი თქმით, გაფიცვა მე-3 დღეა გარძელდება და მასში მონაწილეობას ყველა დასაქმებული იღებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.