დესტაბილიზაციის წყარო არის არა “ქართული მარში”, არამედ “ქართული ოცნება” – კოჟორიძე

ნათელია, რომ დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის არა “ქართული მარში”, არამედ “ქართული ოცნება”, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წარმოამდგენელმა კახა კოჟორიძემ გუშინ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენებასთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას.

კოჟორიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს არც ცოდნა, არც სახელმწიფოებრივი განცდა და არც სწორი მოქმედების უნარი, რომ აღკვეთოს და არ დაუშვას ძალადობა.

“პირიქით, მოძალადე ჯგუფების მრავალგზის წახალისება და დაუსჯელობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი სწორედ “ქართული ოცნებაა”. ათასობით წლის წინ პირველი სახელმწიფოების შექმნასთან ერთად კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება უნდა ჰქონოდა მხოლოდ სახელმწიფოს და არცერთ სხვა ჯგუფს. “ქართული ოცნება” ამ აქსიომას ვერ იაზრებს 21-ე საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ მერვე წელია, რაც ეს პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. ერთადერთი უნარი, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება მსგავს სიტუაციებში ავლენს ხოლმე, არის ახალი კრიზისის შექმნის გზით არსებულის გადაფარვის მცდელობა. კორუფციას ფარავს ნეპოტიზმით, ნეპოტიზმს – პოლიტიკური მართლმსაჯულებით, სასამართლოს – საპატრიარქოს თემით, საპატრიარქოს საკითხს – მასობრივი ძალადობით”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.