ახალი ამბებისამართალი

კოჟორიძე: მცდარია მოსაზრება, რომ შეთანხმებაში 20 ივნისის ყველა დანაშაულის ამნისტიაზე წერია

21 აპრილი, 2021 • 1429
კოჟორიძე: მცდარია მოსაზრება, რომ შეთანხმებაში 20 ივნისის ყველა დანაშაულის ამნისტიაზე წერია

“ლელოს” წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მცდარია ხელისუფლების და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია, თითქოს შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ 20 ივნისის დროს მომხდარ ნებისმიერ დანაშაულზე ამნისტია უნდა გამოცხადდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

კოჟორიძის თქმით, შეთანხმების ტექსტის ამ ნაწილის სათაურია “პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება”, ხოლო შეთანხმების ტექსტში პირდაპირ წერია, რომ რეაგირება უნდა მოხდეს “პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე” და ამნისტია ნახსენებია ამ მიზნის მიღწევის მექანიზმად:

“სხვა რაიმე მიზანზე ტექსტში უბრალოდ არაფერი წერია. მარტივად რომ ვთქვათ, ამნისტია ნახსენებია მელიას გამოშვების მექანიზმად და არა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა ინდულგენციის საშუალებად.

20 ივნისის მოვლენების სრული ამნისტირება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ვინაიდან კონევნცია სახელმწიფოს აკისრებს მსგავსი დარღვევების გამოძიების უპირობო ვალდებულებას. ამნისტია კი ამ ვალდებულებას აორთქლებს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე ტექსტში საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი, ამით იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ევროპელმა უმაღლესი რანგის მედიატორებმა ევროპული კონვენციის კოლექტიური დარღვევა შემოგვთავაზეს. აბსურდია”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი თქმით, სრული ამნისტია იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი. კოჟორიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებები ჩაიდენენ მასობრივ დანაშაულს და შემდეგ გამოსცემენ ამნისტიის აქტს, რითაც მოკლავენ გამოძიების შანსს, ხოლო დაზარალებულ ადამიანების სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები წაერთმევათ:

“ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანს ჰქონოდა დარღვეული უფლებისათვის სამართლებრივი ბრძოლისა და გამარჯვების შანსი. 20 ივნისის დროს დაზარალებულ ადამიანებს ეს შანსი არ უნდა წაერთვათ! მიხარია, რომ ლელოში ასე ფიქრობენ, ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც”, – ამბობს კოჟორიძე.

ვრცლად წაიკითხეთ:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი