ახალი ამბები

კინოჩვენებისას მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო

9 ნოემბერი, 2019 • 1027
კინოჩვენებისას მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

შსს-ს ცნობით, თბილისში, კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება.

როგორც 8 ნოემბერს, ასევე, მომდევნო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი