Interviewsახალი ამბები

ვოლსკი დავით ბერძენიშვილის ცემის მცდელობაზე – “პოლიტიკოსმა არ უნდა გაამწვავოს სიტუაცია”

8 ნოემბერი, 2019 • 1088
ვოლსკი დავით ბერძენიშვილის ცემის მცდელობაზე  – “პოლიტიკოსმა არ უნდა გაამწვავოს  სიტუაცია”

“ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დავით ბერძენიშვილის ცემის მცდელობაზე განმარტება გააკეთა.

„დავით ბერძენიშვილმა… ასე არ შეიძლება ცალმხრივად განხილვა. აგერ, ვუყურებდით თქვენი არხით… თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია, გამოვიდეს და აგერ, შემებრძოლოს  და შემერკინოს და გვერდზე გავიდეთ და იყო ასეთი ლაპარაკი. მისგანაც ეს საუბარი შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს შეურაცხყოფად. ასე რომ, ყველამ, ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, უნდა ეცადოს, კი არ გაამწვავოს [სიტუაცია], არამედ პირიქით, შეარბილოს და პროცესებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს“, –  თქვა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ამართლებს ფიზიკურ დაპირისპირებას,  ვოლსკმა უპასუხა:

„მე არ მესმის “,ანუ ამართლებთ” რა შეკითხვაა. მე რახან ვთქვი, რომ ეს… ისიც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ ვამართლებ? ვერ გავიგე. ვლაპარაკობ რამდენი ხანია. სწორედ ასეთი მიკერძოებული მიდგომა და ინტერპრეტაცია ჩემი გამონათქვამების არის ის, რაზედაც ვსაუბრობდი. სწორედ ეს არის პროვოკაციული ფონის შექმნა. მე ვერ მოვუწოდებ და ზემოქმედებას ვერ მოვახდენ და მითითებას ვერ მივცემ მედიასაშუალებებს, მაგრამ ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ, ვისაც პასუხისმგებლობის ვალდებულებაცა გვაქვს და ამის მექანიზმებიც გაგვაჩნია, არ დავუშვათ არც ფიზიკური დაპირისპირება და არც საერთოდ დაპირისპირების იმ ფორმაში გადასვლა, რომელიც კანონს ეხება უკვე“, – თქვა გია ვოლსკიმ.

ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კინოთეატრ “ამირანთან” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით ბერძენიშვილისთვის ხელის ჩარტყმა სცადა. პოლიციელებმა მისი ადგილიდან უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს. მოგვიანებით დავით ბერძენიშვილმა ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

“ამირანთან” დავით ბერძენიშვილის ცემა სცადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი