“ამირანთან” დავით ბერძენიშვილის ცემა სცადეს

ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კინოთეატრ “ამირანთან” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით ბერძენიშვილისთვის ხელის ჩარტყმა სცადა. პოლიციელებმა მისი ადგილიდან უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს.

აქციის მონაწილე ბერძენიშვილს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც ჟურნალისტებთან საუბარს მორჩა. ინტერვიუს დროს აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბერძენიშვილის თქმით, ყველას, ვისაც აქვს ფილმის ნახვის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ბერძენიშვილმა რუსეთიდან მართული უწოდა აქციის ორგანიზატორებს.

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ლევან აკინის ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, უკვე რამდენიმე საათია დაძაბულობაა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა პრემიერამდე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ფილმის ჩვენებას საქართველოში. ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.