ახალი ამბები

ბილეთი გვაქვს – როგორ დავესწროთ „ამირანში“ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“

8 ნოემბერი, 2019 • 2159
ბილეთი გვაქვს – როგორ დავესწროთ „ამირანში“ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“

კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც დღეს, 8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პირველი ჩვენება უნდა გაიმართოს, ამჟამად პოლიციაა მობილიზებული.

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ულტრანაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფი დაიმუქრა, რომ ფილმს არ გააშვებინებენ. შსს-მ და კინოთეატრმა კი უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.

ფილარმონიის შადრევნიდან „ჩაჩავას“ კლინიკამდე ამჟამად [17:30] პოლიცია დგას. ისინი გზის სავალ ნაწილზე არავის უშვებენ (გარდა ჟურნალისტებისა, სპეციალური საშვის ჩვენების შემდეგ).

ჩვენების დაწყების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მაყურებელს კინოთეატრში შესვლა უნდა, მან ბილეთი კინოთეატრ „ამირანის“ წინ კორდონთან მდგარ 2 თანამშრომელს უნდა აჩვენოს, შემდგომ კი იგივე ბილეთი განმეორებით უნდა აჩვენოს შიგნით მყოფ თანამშრომლებსაც.

8 ნოემბერს საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრანაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი