ახალი ამბები

ლორთქიფანიძე შსს-ს მადლობას უხდის ფილმის „პორნოგრაფიულობის“ შესწავლის პირობისთვის

8 ნოემბერი, 2019 • 1005
ლორთქიფანიძე შსს-ს მადლობას უხდის ფილმის „პორნოგრაფიულობის“ შესწავლის პირობისთვის

დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს-ს მადლობას უხდის იმის გამო, რომ უწყებამ პირობა დადო, ლევან აკინის ფილმის „პორნოგრაფიულობის“ შეისწავლის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს იმისთვის, რომ გააკეთეს განმარტება იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თანდართული მასალით შევიდა შსს-ში“, — განუცხადა ლორთქიფანიძემ ტვ პირველს.

მისი თქმით, შსს-ს 8 საათამდე აძლევს ვადას, რათა გასცენ პასუხი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამოიღებენ თუ არა კინოგაქირავებიდან, როგორც რამდენიმე წლის წინ გასპარ ნოეს ფილმი „სიყვარული“ (Love) ამოიღეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელია, 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის პორნოგრაფიულობის შესახებ გამოძიება დაეწყოთ.

ლორთქიფანიძის თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიული კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.

ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,  რომ შეისწავლიან დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

ნახეთ ასევე:

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფია არ არის – კინოცენტრის უფროსი


8 ნოემბერს, საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრანაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი