შსს აცხადებს, რომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის „პორნოგრაფიულობას“ შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეისწავლიან დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს „პორნოგრაფიულ კონტენტს“ და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელია, 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის პორნოგრაფიულობის შესახებ გამოძიება დაეწყოთ.

ლორთქიფანიძის თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიული კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.

ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.

„ნეტგაზეთმა“ კინოცენტრის ხელმძღვანელს, გაგა ჩხეიძეს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, შეიძლება თუ არა ეს ფილმი პორნოგრაფიულად ჩაითვალოს. მან გვიპასუხა:

„მე ვთვლი, რომ ეს ფილმი არავითარ შემთხვევაში არ არის პორნოგრაფია… პორნოგრაფიის განსაზღვრებები არსებობს და სულ სხვა რამეა. ეს ფილმი და ეს სცენა ცალსახად არ არის პორნოგრაფია“.

ნახეთ ვრცლად:

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფია არ არის – კინოცენტრის უფროსი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com