ახალი ამბები

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფია არ არის – კინოცენტრის უფროსი

8 ნოემბერი, 2019 • 2152
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფია არ არის – კინოცენტრის უფროსი

ეროვნულ კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცალსახად არ არის პორნოგრაფია; ამასთან, ზოგადად, ფილმებში თუნდაც ექსპლიციტურად ნაჩვენები სექს-სცენები ერთმნიშვნელოვნად პორნოგრაფიული არ არის.

8 ნოემბერს იგეგმება ქართულ-შვედური ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენება კინოთეატრებში. რადიკალური ჯგუფები ფილმის ჩაშლით იმუქრებიან. მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელია, 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის პორნოგრაფიულობის შესახებ გამოძიება დაეწყოთ.

ლორთქიფანიძის თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიულ კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.

ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხად განაცხადა, რომ შეისწავლიან ლორთქიფანიძის განცხადებას და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

„ნეტგაზეთმა“ კინოცენტრის ხელმძღვანელს, გაგა ჩხეიძეს ჰკითხა, როგორ ფიქრობს, შეიძლება თუ არა ეს ფილმი პორნოგრაფიულად ჩაითვალოს. მან გვიპასუხა:

„მე ვთვლი, რომ ეს ფილმი არავითარ შემთხვევაში არ არის პორნოგრაფია… პორნოგრაფიის განსაზღვრებები არსებობს და სულ სხვა რამეა. ეს ფილმი და ეს სცენა ცალსახად არ არის პორნოგრაფია“.

ჩხეიძის თანახმად, ის სცენაც, რაზეც ლორთქიფანიძე მიუთითებს, მთლიანად მხატვრული ფილმის კონტექსტში უნდა იყოს აღქმული. აკინის ფილმში, მართალია, გვხვდება ეროტიკული სცენა, თუმცა სცენებში სასქესო ორგანოები არ ჩანს. გაგა ჩხეიძის თქმით, ეს დეტალი მნიშვნელოვანია პორნოგრაფიის განსაზღვრებისას: „პორნოგრაფიის განსაზღვრებაც ფაქტობრივად მანდედან გამომდინარეობს და მისი მიზანი სულ სხვა არის“.

მაგალითად, მერიამ ვებსტერის ცნობილი ლექსიკონი პორნოგრაფიას ასე განმარტავს: „ეროტიკული ქცევის ასახვა, რომლის მიზანია სექსუალური აღგზნება გამოწვევა“.

მსგავს განმარტებას იძლევა ენციკლოპედია „ბრიტანიკა“: „სექსუალური ქმედების რეპრეზენტაცია წიგნებში, ფოტოებში, ქანდაკებებში, კინოფილმსა თუ სხვა მედიაში, რომლის მიზანია სექსუალური აღგზნების გამოწვევა“.

„პორნოგრაფიულ პროდუქტს სულ სხვა მიზანი აქვს და მხატვრულ ფილმს- სულ სხვა. მხატვრულ ფილმში მთავარი არ არის მაყურებლისთვის პორნოგრაფიის მიწოდება, აქ სხვა რამეა მთავარი: პერსონაჟები, ფაბულა, ისტორია და ა.შ. სადაც შეიძლება იყოს ნაწილი სექსის ან ეროტიკული სცენა“, — გვეუბნება გაგა ჩხეიძე.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფია არ არის – კინოცენტრის უფროსი

მასალების გადაბეჭდვის წესი