რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან”, – განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა, ამიტომ დაპირებული ხინკლები პარლამენტში მოიტანა და ჟურნალისტებს გაუმასპინძლდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მომსმენისას რომან გოცირიძემ გენპროკურორის კურსელები სახინკლეში დაპატიჟა.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას გაუჩნდათ მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობაა. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

“შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.