ახალი ამბები

სააპელაციომ სამსახურში დააბრუნა აქტივისტის ძმა, რომლის გაშვებასაც „სირცხვილიას“ უკავშირებდნენ

8 ნოემბერი, 2019 • 1894
სააპელაციომ სამსახურში დააბრუნა აქტივისტის ძმა, რომლის გაშვებასაც „სირცხვილიას“ უკავშირებდნენ

სამოქალაქო აქტივისტი, სამართლის ლექტორი გიორგი მუმლაძე წერს, რომ მისი ძმა, მანუჩარ მუმლაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ ანტისაოკუპაციო აქციებში მისი აქტიურობის გამო ფაქტობრივად სამსახურიდან გააგდეს, სააპელაციო სასამართლომ სამსახურში აღადგინა.

2 აგვისტოს გიორგი მუმლაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი ძმა, მანუჩარი, რომელიც თორმეტი წელი უწყვეტად მუშაობდა მესაზღვრედ წითელი ხიდის სამმართველოში, იქიდან გაათავისუფლეს და დანიშნეს მესტიის სამმართველოში.

მესტიაში განწესება, მუმლაძის თანახმად, ფაქტობრივ გათავისუფლებას უდრიდა, რადგან იქ ისეთი გრაფიკი იყო, რომ თვეში, სულ მცირე, 6-ჯერ წასვლა უწევდა, ერთი წასვლა-წამოსვლა კი 100 ლარი უჯდებოდა. „რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ანაზღაურება 1200 ლარი, 600 ლარის დახარჯვა მოუწევს გზაში, რაც არის ცინიზმი“, – წერდა იგი.

მანუჩარ მუმლაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

7 ნოემბერს მისმა ძმამ დაწერა: „სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი კერძო საჩივარი, რომლითაც შეაჩერა სასაზღვრო პოლიციის უფროსის 01/08/2019 უსამართლო ბრძანების მოქმედება, რაც ნიშნავს, რომ მესაზღვრე მანუჩარ მუმლაძე დაუბრუნდება სამსხურის პირვანდელ ადგილსამყოფელს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი