მიწის რეგისტრაცია მარტივდება — გაიგეთ, რას ითვალისწინებს ცვლილებები

7 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში სოფლად მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას გეგმავს. მისი თქმით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

პრემიერის თქმით, ამ საკითხს მოსახლეობა ყველაზე მწვავედ აყენებდა მთავრობის წევრებთან რეგიონებში მათი სტუმრობის დროს. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მთავრობის განმარტებას, თუ რას გულისხმობს ეს რეფორმა:

► რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომლის ვადაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, იმოქმედებს უვადოდ. სხვადასხვა მომსახურება 2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება.

✅ აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით.

✅ მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ იმ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის.

✅ რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;

✅ მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე;

✅ შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ ოჯახების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.

✅ 2022 წლის 1 იანვრამდე უფასო იქნება
● დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
● გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
● სანოტარო მედიაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
● ფაქტების კონსტატაცია;
● მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილების დარეგისტრირება
● სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

✅ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწად მიიჩნევა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწები, ნაცვლად 1994 წლის შეზღუდვისა.

✅ სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com