ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმართა სიიდან “კოჭოიას საქმის” ამოღებას აშშ–ის საელჩოს უკავშირებს

23 აპრილი, 2015 •
ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმართა სიიდან “კოჭოიას საქმის” ამოღებას აშშ–ის საელჩოს უკავშირებს

“როდესაც კომისია იხილავდა კონკრეტულ საქმეს, კოჭოიას საქმეს, მაშინ იყვნენ ჩამოსული ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში, პარლამენტში. ჰყავდათ გაყვანილი ქალბატონი ეკა ბესელია შეხვედრაზე და ამის მერე მოხდა ის, რომ კომისია გახდა იძულებული, რომ ამოეღო სიიდან კოჭოიას საქმე,”– აცხადება ნანა კაკაბაძე.

 

პარლამენტის ადამაინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ამერიკის საელჩო სიის შედგენაში არ ჩარეულა: 

 

“აშშ–ის საელჩო არ ჩარეულა პროცესში. სია შედგა კონსენსუსის საფუძველზე, სადაც ყველას ქონდა ერთნაირი პოზიცია. ე.წ. კოჭოიას საქმესთან დაკაშირებით კომიტეტმა იმსჯელა, მაგრამ იყო განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას იმისთვის, რომ ის დარღვევები, რაც ამ საქმეში იყო, შეესწავლათ,”– განაცხადა ეკა ბესელიამ “რუსთავი 2″–ის ეთერში. 

 

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კი განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. 

 

პარლამენტში კენჭი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სიას 2012 წლის დასასრულს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უყარეს.  ამ სიაში შესული ბოლო ცვლილებების შესახებ პარლამენტში მის კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. პოლიტპატიმართა სიის საბოლო ვერსიაში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულთა სახელები ამოღებული იყო, მათ შორის იყო “კოჭოიას საქმე”.

 

ნანა კაკაბაძე, რომელიც სიის ერთ–ერთი ავტორი იყო, მაშინ ამბობდა, რომ ტერორიზმის ბრალდებით, ე.წ. კოჭოიას საქმეზე გასამართლებული პირები არ იყვნენ გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს მიერ და სრულად აკმაყოფილებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 რეზოლუციის კრიტერიუმებს.

 

“კოჭოიას საქმეზე” გასამართლებულ პირებს ბრალი 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ედებათ. ამ საქმეზე დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე სახალხო დამცველი საუბრობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი