ახალი ამბები

სილქნეტი ინტერნეტში არალეგალურად გავრცელებულ ფილმებზე GNCC-ს მიმართავს

7 ნოემბერი, 2019 • 1035
სილქნეტი ინტერნეტში არალეგალურად გავრცელებულ ფილმებზე GNCC-ს მიმართავს

“სილქნეტი” ინტერნეტში არალეგალურად გავრცელებულ ფილმებზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებენ ვებ-გვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობს.

“სილქნეტის” განცხადებით, აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ აქვთ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა თავად მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად.

“გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას.

აღნიშნულ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა”, – აცხადებენ “სილქნეტში”.

“სილქნეტის” განცხადებით, არალეგალური ფილმების წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ და ამ საკითხზე უკვე მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი