ახალი ამბები

უსაფრთხოების გამო გეი დრამის წინ დაგეგმილი სხვა ფილმის ჩვენება გაუქმდა

7 ნოემბერი, 2019 • 1519
უსაფრთხოების გამო გეი დრამის წინ დაგეგმილი სხვა ფილმის ჩვენება გაუქმდა

კინოთეატრ “კავეაში” აცხადებენ, რომ მაყურებლის უსაფრთხოების უკეთ დასაცავად 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებამდე წინა სეანსი ანუ სხვა ფილმის ჩვენება, გაუქმდება.

კინოთეატრში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რათა დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა უფრო მოქნილად და ეფექტურად შეძლოს უსაფრთხოების დაცვა.

“კავეაში” აღნიშნავენ, რომ ყველა სხვა სეანსი მთელი დღის განმავლობაში გეგმის მიხედვით ჩატარდება და რეპერტუარში ცვლილება მხოლოდ ერთ ჩვენებას შეეხება, რომელიც ქართულ-შვედური ფილმის წინ უნდა გამართულიყო.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი