ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს ციხე და როგორია პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები საქართველოში

7 ნოემბერი, 2019 • 1862
როგორი უნდა იყოს ციხე და როგორია პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები საქართველოში

 როგორი უნდა იყოს ციხე

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამები პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ციხისშემდგომ, სრულფასოვან ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ქართულ ციხეებში, რა სასიკეთო ცვლილებები ან ხარვეზებია სარეაბილიტაციო პროგრამებში – ამ თემაზე 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა, სახელწოდებით ,,მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესი პენიტენციურ სისტემაში” (ავტორი: ანტონ (ტატო) ქელბაქიანი).

კვლევაში განხილულია მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისებთან დაკავშირებული მიღწევები და ხარვეზები პენიტენციურ სისტემაში, საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კანონმდებლობა, გაცემულია რეკომენდაციები პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საერთაშორისო სტანდარტები ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რა არის პატიმრობა და რას უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მოხდის პერიოდი – ცალსახად, ეს არის საზოგადოების დაცვა დანაშაულისგან და საპატიმროშივე ადამიანების მომზადება გათავისუფლებისთვის: ყოფილმა პატიმარმა უმტკივნეულოდ უნდა შეძლოს საზოგადოებაში დაბრუნება, მუშაობა, საკუთარი თავის რჩენა და გარემოში ინტეგრირება.

ამ მიზნის მიღწევის გარანტი სწორედ პენიტენციური დაწესებულებები უნდა იქცეს:

[checklist]

  • ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჭიროებებზე მორგებული განათლება, პროფესიული სწავლება და მუშაობა. ყოველი პატიმრის სარეაბილიტაციო გეგმა ინდივიდუალურად უნდა იყოს შემუშავებული
  • საერთაშორისო სტანდარტები ცალკე გამოყოფს არასრულწლოვანი და ქალი პატიმრების რეაბილიტაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას: არასრულწლოვანი პატიმრებისთვის სასკოლო განათლების მიღება უნდა იყოს სავალდებულო და პატიმართა განათლების სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემასთან
  • ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა აღჭურვილი სხვადასხვა სახის ლიტერატურით
  • არასრულწლოვან პატიმრებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პერიოდულად ჩაერთონ სხვადასხვა სახის რეკრეაციულ და კულტურულ ღონისძიებებში, მიიღონ პროფესიული განათლება და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა
  • მსჯავრდებული ქალის სასჯელის გეგმა უნდა შეიცავდეს სარეაბილიტაციო პროგრამებს და მის გენდერულად სპეციფიკურ საჭიროებებთან შესაბამის სერვისებს

[/checklist]

ასევე, აღნიშნულია ის სპეციალური საჭიროებები, რაც ქალი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესში არის მნიშვნელოვანი:

[checklist]

  • ინდივიდუალიზებული, გენდერულად მგრძნობიარე, კონკრეტული ტრავმის გათვალისწინებით, სრული ფსიქიკური ჯანმრთელობის და სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა იქნას უზრუნველყოფილი ციხესა და არასაპატიმრო გარემოში მყოფი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებების მქონე ქალი პატიმრებისთვის
  • პატიმრობის დასაწყისიდანვე საჭიროა მომავალზე ფიქრი, რომელიც პატიმარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ელის. ამიტომ მას სჭირდება დახმარება იმ პირებთან და უწყებებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და გამყარებაში, რომლებიც ციხის გარეთ არიან და რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან მისი ოჯახის ინტერესები და ხელი შეუწყონ მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას გათავისუფლების შემდეგ.

[/checklist]

რეაბილიტაციის სერვისები ქართულ ციხეებში  პატიმართა მხოლოდ 5%-სთვისაა ხელმისაწვდომი

ციხის რეფორმამ საქართველოში უნდა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პირობების მიახლოება საერთაშორისო სტანდარტთან, რაც ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სამ დაწესებულებაში: მეთექვსმეტე დაწესებულებაში, სადაც 200 პატიმარია, ქალთა დაწესებულებაში, სადაც 150 პატიმარია და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, სადაც 30 პირი იხდის სასჯელს. ამ სამ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების სრულყოფილად განხორციელების საშუალებას ინფრასტრუქტურა იძლევა, თუმცა პატიმრების რაოდენობა, ვისთვისაც სარეაბილიტაციო პროგრამები ხელმისაწვდომია, საქართველოში პატიმართა სრული რაოდენობის ხუთ პროცენტზე ნაკლებია.

კვლევების მიხედვით, იმ დაწესებულებებში, სადაც სარეაბილიტაციო პროგრამები ხელმისაწვდომია, პროცესი ძირითადად საერთაშორისო სტანდარტს და პრაქტიკას შეესაბამება. თუმცა ბევრი რამ დასახვეწია.

,,პატიმრებს ახლა აქვთ შრომის მინიმალური ანაზღაურება – ადრე ამასაც არ უხდიდნენ”

როგორც „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე – ტატო ქელბაქიანი გვეუბნება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებში შრომა ყველა პატიმრისთვის, ფაქტობრივად, სავალდებულოა, თუმცა ანაზღაურდება.

,,ჩვენთან შიდასამეურნეო საქმიანობაში არიან ჩართული, თუ ამას დასაქმებას დავარქმევთ, ეს არის ძირითადად შიდაადმინისტრაციული საქმე: დასუფთავება, საკვების დარიგება, რისთვისაც პატიმრებს აქვთ მინიმალური, სიმბოლური ანაზღაურება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადრე საერთოდ არაფერს უხდიდნენ“, – ამბობს ტატო ქელბაქიანი. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში აუცილებელია, დაწესებულებები იყოს მცირე ზომის, რაც იძლევა საშუალებას, შემუშავდეს ყოველ პატიმარზე მორგებული, ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმა. დაწესებულებებში კი, სადაც 2000 პატიმარია, რეაბილიტაციის პროცესზე საუბარიც კი ზედმეტია.

განათლება, როგორც პრივილეგია

განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში ყველაზე მეტადაა შეზღუდული სერვისების რაოდენობა, მიუხედავად შედარებით მკაცრი რეჟიმისა, რა პირობებშიც უწევთ ამ პატიმრებს ყოფნა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში.

განათლება არ არის პრივილეგია და ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა ქართულ ციხეებში პატიმრების უმრავლესობისთვის ასე არ არის.

პროფესიული სწავლება ხორციელდება როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივ კოლეჯებში. პენიტენციურ სისტემაში პროფესიული სწავლება არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა დაწესებულებაში. იქ, სადაც ხორციელდება ამ ტიპის სწავლება, ბენეფიციარს აქვს საშუალება, 6-თვიან, მოკლე ვადაში ერთ-ერთი მოდულის გავლით მოიპოვოს შესაბამისი კრედიტები. თუმცა პენიტენციურ დაწესებულებებში  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კურსები ხშირად ეფუძნება მხოლოდ თეორიულ სწავლებას  და არ მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. ბენეფიციართა ნაწილისთვის მოდულურ სწავლებასთან შედარებით უპირატესია პრაქტიკაზე დაფუძნებულ მოკლევადიან პროგრამებში ჩართვა.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლების მიმწოდებელმა სწავლების პარალელურად პრაქტიკულად აღჭურვილი ბაზაც შექმნას.

ინფრასტრუქტურა – რეაბილიტაციის მთავარი კომპონენტი

სპორტული აქტივობები, შრომა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია – რეაბილიტაციის ამ ძირითად მიმართულებებს პენიტენციურ სისტემაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე არ არის ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა.

ინფრასტრუქტურული პრობლემები კი ბენეფიციართა ეფექტიანი რეაბილიტაციის პროცესს  (შესაბამისი სივრცეების არარსებობა) და პატიმართა რისკების მიხედვით ეფექტიან კლასიფიცირებას აფერხებს. ამას ემატება ისიც, რომ პენიტენციურ სისტემაში, ბენეფიციარებს აქვთ დაბალი მოტივაცია ჩაერთონ პროგრამებში. ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ არსებული სერვისების შესახებ. არ არის ჩამოყალიბებული ბენეფიციართა მოტივირების ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისტემა, რაც სერვისებსა და პროგრამებს ბენეფიციართათვის მიმზიდველს გახდიდა.

სერვისების მიწოდების პროცესში კრიმინალური სუბკულტურა არის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი. კვლევები აჩვენებს, რომ კრიმინალური სუბკულტურის წესების თანახმად, ბენეფიციართა ჩართვა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ცუდ ტონად მიიჩნევა პატიმართა გარკვეულ ჯგუფებს შორის.

შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რამდენმა პატიმარმა რა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით ძალიან რთულია საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე რაიმე სახის სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება. შეუძლებელია განსაზღვრა, წლის განმავლობაში რამდენ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა მსგავსი სერვისებით. ინფორმაციას ძირითადად სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ვიგებთ, თუმცა სრული ანალიზის გაკეთება ამაზე დაყრდნობით რთულია. სტატისტიკის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევებიც.

ხარისხის უკონტროლო სისტემა

არ არსებობს სხვადასხვა სახის სერვისების თაობაზე ისეთი ბაზები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. ბაზები სასურველია შეიცავდეს უახლეს ინფორმაციას მიმდინარე და წარსულში არსებული პროგრამების შესახებ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორში. ბაზის არარსებობა ხელს უშლის როგორც პროგრამების ეფექტურ დაგეგმვას, ასევე ორგანიზაციიდან ორგანიზაციაში ბენეფიციარების გადამისამართების შესაძლებლობას სასურველი სერვისის მისაღებად.

მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის გამო ორგანიზაციები ზოგჯერ ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ ბენეფიციარებს, ზოგი საჭირო სერვისი კი საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.


სამაგიდო კვლევა ,,მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესი პენიტენციურ სისტემაში” მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (ავტორი: ანტონ (ტატო) ქელბაქიანი). კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორის, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციის გამომხატველად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი