ახალი ამბები

ძალადობის ფაქტები აღიკვეთება – დავითაშვილი კინოჩვენების ჩაშლის მუქარაზე

7 ნოემბერი, 2019 • 878
ძალადობის ფაქტები აღიკვეთება – დავითაშვილი კინოჩვენების ჩაშლის მუქარაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენების ჩაშლის შესახებ ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ძალადობის ფაქტები იქნება აღკვეთილი.

დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოხატულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია, ამიტომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტს, დარწმუნებული ვარ, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები აღკვეთენ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება ნებისმიერ ასეთ შემთხვევას. ძალადობაზე გაკეთებული განცხადებები არის მიუღებელი და ძალადობის ფაქტები იქნება აღკვეთილი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა ლევან ასაძემაც გააკეთა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი