ახალი ამბები

“სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება აღკვეთილი” – შსს ფილმის ჩვენების ჩაშლის მუქარაზე

6 ნოემბერი, 2019 • 1111
“სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება აღკვეთილი” – შსს ფილმის ჩვენების ჩაშლის მუქარაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართულ-შვედური ქვიარ თემატიკაზე შექმნილი ფილმის ჩვენების ჩაშლის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა ლევან ასაძემაც გააკეთა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი