ახალი ამბები

“გეშინოდეს ზარალის” – ვასაძე კინოთეატრის მფლობელს არეულობით ემუქრება

5 ნოემბერი, 2019 • 1403
“გეშინოდეს ზარალის” – ვასაძე კინოთეატრის მფლობელს არეულობით ემუქრება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კინოთეატრების მფლობელს მოუწოდებს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სეანსები გაუქმოს.

“მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. გია, მე გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ შენს კონოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა, დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდში დაგიდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შენ არ აკადრებ შენს და ჩემს სამშობლოს ასეთ შეურაცხყოფას და გააუქმებ ამ სეანსებს”, – აცხადებს ვასაძე ვიდეომიმართვაში.

ის გია ბაზღაძეს მოუწოდებს, რომ “არეულობების დროს” შეიძლება იმაზე მეტი ზარალი მიიღოს, ვიდრე ამას სეანსების გაუქმებით მიიღებს.

“გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რომელსაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობების დროს. იქ იმდენი ხალხი აპირებს მისვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ ვიძალადოთო, რა იცი, იქ რა მოხდება”, – ამბობს ვასაძე.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი