ახალი ამბები

“თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონი, გავწევთ” – ვასაძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე

5 ნოემბერი, 2019 • 2005
“თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონი, გავწევთ” – ვასაძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებების ჩაშლას. ვასაძის თქმით, თუ კინოთეატრებთან პოლიციის კორდონი დახვდებათ, ისინი გაწევენ პოლიციელებს და შიშველი ხელებით შევლენ კინოთეატრში, რათა სეანსი ჩაშალონ:

“ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. არავითარი ცემა-ტყეპა, კომბალი ან იარაღი, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას” ,- ამბობს ლევან ვასაძე.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი