ახალი ამბები

“თანასწორობის მოძრაობა” შსს-ს მოუწოდებს, კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს

5 ნოემბერი, 2019 • 1354
“თანასწორობის მოძრაობა” შსს-ს მოუწოდებს, კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს

“თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება.

“ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს ეკლესიის პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას. ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა “მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით” პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა”, – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს ისიც, რომ საქართველოში გამართულ პრემიერას ვერ დაესწრებიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ , რომელიც ქვიარ თემატიკას ეხება, პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. საპატრიარქოსთან ერთად მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა “ქართულმა მარშმაც“. მისი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მაყურებლებს კინოთეატრებში შესვლის საშუალებას არ მისცემს და ჩვენებებს ჩაშლის.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

შსს-ში აცხადებენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი