ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის გადმოსაყვანად – მინისტრი

4 ნოემბერი, 2019 • 869
სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის გადმოსაყვანად – მინისტრი

„გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში იმ დაშავებული ქალის შესახებ საუბრისას გააკეთა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა. 

მინისტრის თქმით, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის  სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით – რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალგორში, რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა.  დაშავებულის ახლობლები მის თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი