ახალი ამბები

“ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“ – შსს-ს პასუხი “ქართული მარშის“ მუქარაზე

4 ნოემბერი, 2019 • 1770
“ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“ – შსს-ს პასუხი “ქართული მარშის“ მუქარაზე

ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ პოლიცია კინოთეატრებთან მობილიზებული იქნებოდა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავდაპირველად შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა შემდგომ გვითხრეს, რომ მათი ოფიციალური პასუხი ეს არ იყო.

“ქართული მარშის“ ლიდერი იმქურება, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას ჩაშლის, შსს კი ამბობს, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. შსს არ ამბობს, იქნება თუ არა კინოთეატრებთან პოლიცია მობილიზებული.

ბრეგაძემ მუქარა დღეს, 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც გაახმიანა  და თქვა, რომ “კინოთეატრების ბლოკირებას მშვიდობიანი ფორმებით“ აპირებს.

“ძირითადი ობიექტი, სადაც ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას, ეს იქნება კინოთეატრი ამირანი, თუმცა ბათუმიდანაც დაგვიკავშირდნენ და მათაც აქვთ სურვილი, რომ ანალოგიური აქცია ჩატარდეს“, – ამბობს ბრეგაძე.

მისივე თქმით, მას და მის მხარდამჭერებს “დიდი სიურპრიზი ექნებათ“, რასაც საზოგადოება 8 ნოემბერს, ანუ ფილმის ჩვენების პირველ დღეს იხილავს.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში სულ 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

პირველი კინოჩვენება 8 ნოემბერს დაიწყება, თუმცა, როგორც ფილმის პროდუსერი, ქეთი დანელია ამბობს, ფილმის პრემიერა მანამდე, დახურულ წრეში გაიმართა. კინოჩვენებას თავად სამსახიობო ჯგუფი არ დაესწრება. ნეტგაზეთთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ ამ დროს ლოს ანჯელესში “წინასაოსკარო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად“ იქნებიან.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, კინოთეატრების გაერთიანებაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაყურლისთვის მცირე საფრთხეს მაინც იგრძნობენ, ყველა კანონიერ გზას მიმართავენ.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი