ახალი ამბები

ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

16 სექტემბერი, 2020 • 973
ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

“ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას, კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა და გადაწყვეტილება ახსნა ოლქში “პატრიოტთა ალიანსის” მიერ კანდიდატურის  დაყენებით, რასაც, როგორც აღნიშნავს, არ ელოდა.

“მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში…” – წერს ბრეგაძე და აღნიშნავს, რომ “მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება”.

ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ, “ქართულმა მარშმა”, პარტია მიმდინარე წლის ივლისში დააფუძნა. პარტიის ოფიციალური სახელწოდებაა “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა”.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”: პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები რამდენიმე დღის წინ დაასახელა. გლდანში პარტიის სახელით კენჭს ზურაბ ჭიქაშვილი იყრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი