ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ესტუმრა პატრიარქს.

წყარო: ქართული ოცნების პრესსამსახური

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი „შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია“.

საპატრიარქოს თანახმადვე, „ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ  ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ“, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს ფრაზა.

ეს ივანიშვილისა და ილია II-ის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც უკვე განყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ პატრიარქის „პიდარასტიასა“ და „მამათმავლობაზე“ [ჰომოფობიური ენით] საჯაროდ ისაუბრა.

ილია II-ის მიმართ მხარდაჭერა იმავე დილას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com