ახალი ამბები

ენმ ეპისკოპოს იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

1 ნოემბერი, 2019 • 1019
ენმ ეპისკოპოს იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარეპისკოპოს იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, ეპისკოპოსის განცხადებაში შესაძლო ანტიკონსტიტუციური ქმედებები იკვეთება, პროკურატურა კი აღნიშნულის გამოძიების საფუძველს ვერ ხედავს:

“ჩვენ დღეს გვურს შევახსენოთ საზოგაოდებას, რომ ძალიან მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირმა, მეუფე იაკობმა ძალიან საყურადღებო განცხადება გააკეთა ერთი კვირის წინ, როდესაც მან ფაქტობრივად ბრალი დასდო დღევანდელ პრემიერს, ბატონ გახარიას და შს მინისტრს, ბატონ გომელაურს ეკლესიაში შეთქმულების ორგანიზების მცდელობასა და პატრიარქის ჩანაცვლების მცდელობაში.

მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ მეუფეს არ უარყვია ეს განცხადება და მეტიც, წმინდა სინოდმა იმსჯელა რა ამ განცხადებაზე, ეჭვქვეშ არ დაუყენებია განცხადების შინაარსი. საქართველოს პროკურატურას, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო გამოძიება, რადგან ეს არის განაცხადი შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ურცხვად აცხადებს, რომ რამდენადაც გახარიას და გომელაურს არ დაუდასტურებიათ შეხვედრის ფაქტი, მათ არ აქვთ საფუძველი დაიწყონ გამოძიება. ესაა დაცინვა ქართველი ხალხის. შესაბამისად, ჩვენ დღეს გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესები წარიმართოს სხვაგან და ეს ადგილი არის საქართველოს პარლამენტი” ,- ამბობს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ენმ-ს, როგორც ოპოზიციას, არ ეყოფა საკუთარი დეპუტატების ხმები აღნიშნული კომისიის შესაქმნელად, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში აღმოჩნდება 50 დეპუტატი, რომელიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს:

“სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ჩვენ, როგორც ოპოზიციას, არ გვეყოფა საკუთარი ხმები იმისთვის, რომ შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, პარლამენტში მოიძებნება 50 დეპუტატი, რომელსაც აინტერესებს დაადგინოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვესმის გასული დღეების მანძილზე” ,- ამბობს დეპუტატი.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი