ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: რესოციალიზაცია არის სასჯელის ყველაზე ჰუმანური მიზანი

7 ივლისი, 2019 • 1070
ცოტნე ანანიძე: რესოციალიზაცია არის სასჯელის ყველაზე ჰუმანური მიზანი

ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

სამწუხაროდ, სტერეოტიპები საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს. ეს მემკვიდრეობა ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მივიღეთ, რადგან არ ვცნობდით სასჯელის ყველაზე მთავარ მიზანს – რესოციალიზაციას.

საზოგადოებამ, მათ შორის, დამსაქმებლებმაც რესოციალიზაცია უნდა აღიქვან ჯეროვნად. ყოფილი პატიმარი არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელახლა ჩაიდენს დანაშაულს – ამ თემაზე მეც მისაუბრია დამსაქმებლებთან. როცა ყოფილი პატიმარი მზადაა იშრომოს, ამას სჭირდება ხელშეწყობა და შემხვედრი ნაბიჯები. უფრო მეტი სამიზნე პროგრამებია საჭირო ამ კუთხით, რომ ყოფილ პატიმრებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეთ საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის და არ იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსჯავრდებულთან, ასევე მსჯავრის მოხდის შემდეგ განათლების მიღების, პროფესიული გადამზადების, თუ დასაქმების კუთხით, იმისთვის, რომ მან გაიაზროს – დანაშაული არის არა მხოლოდ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ საკუთარი თავის მიმართაც.

ძალიან კარგია, რომ ასეთ კამპანიას თქვენ, „ბათუმელები“ აკეთებთ. მე მინახავს თქვენს გვერდზე არაერთი ყოფილი პატიმრის ისტორია, რომელმაც დასაქმება შეძლო. მედიის ჩართულობა უმთავრესია, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების იზოლაცია.

მე ვეთანხმები ექსპერტებსაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის საკმარისი პროგრამები არ არსებობს, მაგრამ არსებითად ეს გამომდინარეობს გლობალური – უმუშევრობის პრობლემიდან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი