ახალი ამბები

პატრიარქს ხელით არ შეხებია, ვერც შეეხებოდა, ხმით შეეხო – მიტროპოლიტი ნიკოლოზი პეტრეზე

31 ოქტომბერი, 2019 • 2914
პატრიარქს ხელით არ შეხებია, ვერც შეეხებოდა, ხმით შეეხო – მიტროპოლიტი ნიკოლოზი პეტრეზე

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ სინოდის სხდომისას პეტრე ცაავა, მართალია, ხელით არ შეხებია პატრიარქ ილია II-ს, მაგრამ „ძალიან ახლო მანძილზე მივიდა“, რის შემდეგაც პატრიარქის კვერთხი წაიქცა.

„ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა იმიტომ, რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა- ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი- პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი, თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა, მაგრამ ხმით- კი“, — თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი