ახალი ამბები

აეკრძალოს მღვდელმოქმედება, გამწესებულ იქნას მონასტერში — სინოდი პეტრეზე

31 ოქტომბერი, 2019 • 1731
აეკრძალოს მღვდელმოქმედება, გამწესებულ იქნას მონასტერში — სინოდი პეტრეზე

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე ისაუბრა. სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა მოგვიანებით თქვა, რომ მან ამ საკითხებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მთავარეპისკოპოსობა შეუჩერეს.

სინოდის სხდომის ოქმში წერია:

მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ ცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1], რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია.

რა წერია სინოდის სხდომის ოქმში პეტრე ცაავასა და ეპისკოპოს იაკობზე

მასალების გადაბეჭდვის წესი