სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის 10-პირიანი, ე.წ. „ორგანიზატორების საქმის“ განხილვა განახლდა. საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება გური ჟვანიას შემთხვევაშიც.

ინფორმაცია დღეს, 5 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში გაცხადდა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პირობები პრაქტიკულად შეთანხმებულია.

ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თეა ლეონიძემ საქმის განხილვა გადადო და საქმიდან ცალკე გამოიყო ზოდელავას, ბერიძისა და ჟვანიას საქმე.

მათ გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, თორნიკე მჭედლიშვილი.

თორნიკე მჭედლიშვილი უკვე თავისუფალია. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნიკოლოზ გვენცაძემაც. ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება და მას ძებნილის სტატუსი აქვს.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძემ თავისი პოზიცია სხდომამდე ციხიდან გამოგზავნილი წერილითაც გამოხატა. მან თქვა, რომ ვერ მოინანიებს სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც არ ჩაუდენია და პროკურატურამ დააბრალა.

შეგახსენებთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება.


ამ 10-პირიან საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს გამოიტანა.

  • პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
  • მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
  • ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
  • პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
  • ლაშა ბერიძე — 7 წელი;
  • ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
  • ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
  • თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
  • ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
  • გური ჟვანია — 5 წელი.

რას ედავებიან თითოეულ მსჯავრდებულს, წაიკითხეთ აქ: